
"თუთიყუშივით რომ გამეორებინებენ: რუსი, რუსი, რუსი..." - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს, რომლებიც ცოტა ხნის წინ TV იმედის შენობასთან დახვდნენ.
...ხო უნდა გაიაზრო, რა დავალების შესასრულებლად მოდიხარ. ვიღაც გადმოგიხტება მანქანიდან, ვიღაც არა, გაივლის. შეიკავებს თავს ან ვერ შეიკავებს. რა რუსი, თუთიყუშივით რომ გამეორებინებენ რუსი, რუსი, რუსი და შინაარსი არ დევს ამაში და შენს პატრონს ქართველ ჯარისკაცებზე აქვს დაბრალებული ომის დანაშაული რუსების სასარგებლოდ, ეს ცოტა ხო უნდა გაიაზრო და ცოტა მაინც თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს, რომ კიდე არ ჩაბერო და ჩაბერო. არ ვიცი, წარმოუდგენელია, - ამბობს მდინარაძე.
TV იმედის ეთერში ის მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ აქტივისტებთან "10-15 წუთი გაატარა", რის შემდეგაც, უკან მას შემდეგ დაიხია, რაც დაინახა, რომ "გარჩევაში სხვა ადამიანებიც ერთვებოდნენ". მისივე თქმით, მას ახლაც ძალიან ბევრი ადამიანი წერს, "მოვდივართ".
გადაცემის წამყვანის მაგდა ანიკაშვილის შეკითხვაზე კი, "ეს არის ხაბეიშვილის გეგმა"? მდინარაძე პასუხობს, რომ "სასაცილოა... საოცარ მდგომარეობაში არიან... მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზაცია გამოაცხადეს და მეორე დღეს 100 კაცი ვერ შეკრიბეს და დღეს ახლა, რაც არ უნდა, უკაცრავად ირონიისთვის, დღეს მადლობა გადავუხადე, მსოფლიოში არის რეკორდსმენი კაცი, რომელმაც კიდევ უფრო და ბოლომდე გააბანძა თავისი პარტია".