
"ხელისუფლებას არ აქვს დეზინფორმაციასთან ბრძოლის სისტემური მიდგომა და უფრო მეტიც, ხშირად თავად გვევლინება ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებლად", - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში ვკითხულობთ.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, აუცილებელია ხელისუფლებამ მზარდი დეზინფორმაციული საფრთხეების შესაბამისად განაახლოს სტრატეგიული დოკუმენტები და გამოავლინოს პოლიტიკური ნება, რომ ეფექტურად გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევას.
მათივე თქმით, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურებში შექმნილი სამსახურებისა, რომლებიც დეზინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობენ, პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული პრობლემის ზუსტი ანალიზი, უწყებათშორისი კოორდინაცია და კონკრეტული ქმედებების ეფექტიანობა.
"სახელისუფლებო უწყებები არ არიან ეფექტიანები რუსული დეზინფორმაციის ნარატივების წინააღმდეგ ხალხის დროული ინფორმირებისა და მათი მავნე გავლენის შემსუბუქების კუთხით.
ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური, მადისკრედიტებელი და დეზინფორმაციული განცხადებები დასავლელი პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ მოსახლეობაში თესავს სკეპტიციზმს დასავლეთის მიმართ, ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს ქვეყანაში.
მმართველი პარტია სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშების თუ ყალბი გვერდების მეშვეობით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას ოპონენტების, კრიტიკული მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების ნაწილი ადეკვატურად ვერ პასუხობს დეზიფორმაციის მზარდ პრობლემას. მათ შორის, არ არსებობს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, განსაახლებელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია", - ვკითხულობთ კვლევაში.