მძიმე პოლიტიკური კვირა და ნერვების ომი ხელისუფლებასთან - ოპოზიცია შეთანხმების იმიტაციაზე დათანხმებას არ აპირებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის ნერვების ომი გრძელდება. მმართველი გუნდის ოპონენტები შეთანხმების იმიტაციაზე დათანხმებას არ აპირებენ და ხელისუფლებისგან რეალურ ცვლილებას ელოდებიან.

ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 40 %-ანი  ჩამკეტი ზღვარის დაწესებაზე თანხმობა განაცხადეს. მათი განცხადებით, მზად არიან მიიღონ წინადადება, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. თუ რა სისტემით უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა კუთვნილი პროცენტები, ამაზე ხელისუფლება აღარ საუბრობს და არც პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას აპირებს.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირა რჩება, მმართველი გუნდი კი, ულტიმატუმის შეცვლას არ აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაზე საუბრობს.

„40 % -ის პრინციპი არის დაკმაყოფილებული. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებას, ანუ საბოლოო ჯამში არ დაეთანხმება პირობებს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული სტატუს კვო, რაც წერია გარდამავალ დებულებებში კონსტიტუციის, ამ პარტიას მოუწევს საზოგადოებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა, თუ რატომ ჩაშალა საარჩევნო მოლაპარაკებები,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებასთან არანაირი შეთანხმება მიღწეული არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პოლიტპატიმრების არსებობის პირობებში  ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია.

„უცნაურია, რატომ შეექმნა „ქართულ ოცნებას“ იმის ილუზია, რომ ნებისმიერი შეთანხმება შესაძლებელი იყო იმის გარეშე, რომ მათ ესაუბრათ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ისე, როგორც არსებული პოლიტიკური დევნის შეჩერებაზე. ჩვენ ვაყენებდით ამ საკითხს პირველივე დღიდან მას შემდეგ, რაც შეწყდა ფორმალური მოლაპარაკებები და ჩვენთვის ნებისმიერი შეთანხმება იქნება შეუძლებელი, არამც თუ მიუღებელი, არამედ შეუძლებელი, თუ ეს საკითხი არ იქნება გათვალისწინებული,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

დროის ათვლა დაწყებულია. იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება და ოპოზიცია 9 მარტამდე შეთანხმებას ვერ მოახერხებს, ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი გახდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი