
"ჩვენ არ გამოვრიცხავთ ბელარუსთან სხვა სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვასაც. მიზეზი ის არის, რომ დაძაბულობა იზრდება ბელარუსთან ურთიერთობებში, რასაც იყენებენ რუსები და კრემლი", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერთი დღით ადრე, პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამშვები პუნქტის, „ბობროვნიკის“ დახურვის შესახებ განაცხადა, „სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.
"ბობროვნიკი" დღეს ადგილობრივი დროით, 14:00 საათზე დაიხურა, რამაც ბელარუსის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. ოფიციალურმა მინსკმა ვარშავის გადაწყვეტილებას "კატასტროფული" უწოდა.
გარდა ამისა, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარტინ ვოიჩეჩოვსკი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. მინსკში ამტკიცებენ, რომ ბელარუსი არ ემუქრება მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას.
ბობროვნიკის საგუშაგოს დახურვის შემდეგ, ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ ექვსი ძირითადი სახმელეთო გადასასვლელიდან ღია მხოლოდ ორი რჩება. სამი პოლონეთმა ადრე დაკეტა.