
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესისგან ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდი ავრცელებს.
"ველოდები, რომ ეს უფრო დიდი თანხა იქნება, ვიდრე კონგრესმა წინა წელს დაამტკიცა", - თქვა მაკკორდმა
Politico-სთან ინტერვიუში მაკკორდმა განაცხადა, რომ მუდმივი ცვლილებების გამო, მან უარი თქვა წინადადების დეტალების დაკონკრეტებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ პენტაგონი საბრძოლო მასალის წარმოებაში აპირებს ინვესტირებას, რათა საკუთარი მარაგები შეავსოს და უკრაინას დაეხმაროს.
გარდა ამისა მისივე თქმით, მთავრობა თავდაცვითი ბიუჯეტის საბოლოო თანხის დამტკიცებასთან ძალიან ახლოსაა და თეთრი სახლი ამ მაჩვენებელს 2024 წლისთვის ერთიან საბიუჯეტო მოთხოვნაში შეიყვანს, რომლის გამოქვეყნებაც 9 მარტს არის დაგეგმილი.