
რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბური შეჭრის 343-ე დღე - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ადგილობრივ კოლაბორატორებს უკრაინის მოქალაქეობაზე უარის თქმას სთავაზობენ.
"ქალაქ მელიტოპოლში კოლაბორატორებს, რომლებიც მუშაობენ საოკუპაციო ადმინისტრაციაში, შესთავაზეს უარი ეთქვათ უკრაინის მოქალაქეობაზე და დაწერონ შესაბამისი განცხადება“, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გარდა ამისა, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ზოგიერთ რაიონში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლას, კომენდანტის საათის შემოღებას და შენობების ინსპექტირებას.
გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმაუკრაინის ტერიტორიაზე მორიგი მასობრიცი სარაკეტო შეტევა განახორციელა, ისროლა 106 რაკეტა, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მტერმა გამოიყენა 32 S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და 74 საჰაერო და საზღვაო-საკრუიზო რაკეტა, რომელთაგან 61 გაანადგურეს უკრაინელმა დამცველებმა.
უწყების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 59 ავიაიერიში, მათგან 28 "შაჰედ-136" უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. 22 დრონი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.
გენშტაბის ცნობებში წერია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია მთელ უკრაინაში.