თემურ აბაზოვი, შესაძლოა, ისევ "ქართული ოცნების" სახე ხდება - მარნეულის ყოფილი მერი, რომელიც ორი წლის წინ, დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, ისევ ბიძინა ივანიშვილის რჩეულია და მმართველი პარტიის საარჩვენო სიაშიც მოხვდება. ამ ინფორმაცის ადასტურებს თემურ აბაზოვი და ამბობს, რომ შეთავაზება პარტიიდან მიიღო და წინადადებას დათანხმდა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლოდ მარნეულის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა იქნება. თუმცა "ქართული ოცნების" წევრები ჯერ არ ადასტურებენ, რომ აბაზოვს შეთავაზება გაუკეთეს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ ამ ადამიანის პარტიულ სიაში ჩასმა "ოცნებისთვის" დამაზიანებელი არ იქნება.
თავად აბაზოვის თქმით, მას სიაში ძალიან სიმბოლურ ადგილს, ნომერ 41-ს სთავაზობენ.
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი კი ამბობს, რომ მისთვის აბაზოვისთვის პარტიის წევრობის შეთავაზების შესახებ არაფერია ცნობილი და ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია თავად აბაზოვისგან მოდიოდეს.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ აბაზოვს ლობირებს ივანიშვილი, რომლისთვისაც საზოგადოებრივი აზრი არაფერს წარმოადგენს.
ივანიშვილმა ამ ჟესტით აჩვენა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მას არ აინტერესებს მოქალაქეების აზრი და პირიქით, საზოგადოებას გადაწყვიტა, რომ აბაზოვის სიაში წარდგენით, საჯაროდ შეაზილოს სახეში შარდი და პირდაპირ იძალადოს საზოგადოებაზე, - განაცხადა დეკანოიძემ.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის თემურ აბაზოვის პოლიტიკაში ამ ფორმით დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ აბაზოვის დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მარნეულის ერთ-ერთ მცხოვრებს, რომელსაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე აბაზოვის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები ჰქონდა, ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა. ამ სცენის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში იყო გავრცელებული.