
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინამ ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შეძლო.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტს აკონტროლებენ.
"ყველაზე დაძაბული ვითარება დღეისთვის დონეცკის მიმართულებით არის, აქ მოწინააღმდეგეს ყოველდღიურად 50 იერიში მიაქვს, სასტიკი ბრძოლები უგლედარისა და მარიინკას რაიონში გრძელდება. ჩვენ მყარად გვიჭირავს დაცვა. ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე აქამდე დაკარგული პოზიციების დაბრუნება და გამყარება შევძელით. მტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ბახმუტზე კონტროლს ვაგრძელებთ და ზომებს ვიღებთ ამ ქალაქის გარშემო ფრონტის ხაზის სტაბილიზაციისთვის", - ამბობს ზალუჟნი
გარდა ამისა, ზალუჟნიმ აშშ-ს არმიის გენერალთან, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან მარკ მილისთან გამართულ სატელეფონო საუბრისას რუსების ბოლო მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგებზე ისაუბრა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.