
თურქეთში ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანს დახმარების მიწოდების შეფერხებისა და სამაშველო ოპერაციების დაგვიანებით დაწყების გამო აკრიტიკებენ.
მიუხედავად იმისა რომ სტიქიის ზონაში 35 000-მდე ადგილობრივი და უცხოელი მაშველი მუშაობს, რესურსი საკმარისი მაინც არ არის. ამ დრომდე რჩება ისეთი ადგილები ქვეყნის 11 პროვინციაში, სადაც დახმარება კვლავ არ მისულა. ადამიანები კი დგანან ნანგრევებთან და ცდილობენ, გაიგონ ნანგრევებიდან შვილების, მშობლებისა თუ სხვა ოჯახის წევრების ხმები.
"დღის განმავლობაში გადარჩენილების შესახებ ბევრი სასიხარულო ინფომრაცია მივიღეთ. იმედია ეს ტენდენცია შენარჩნდება. მთელი ძალით ვაგრძელებთ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. 35 ათასამდე მაშველი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მათ ჰყავთ გაწვრთნილი მეძებარი ძაღლები რომლებიც დიდ როლს ასრულებენ, ეს საუკუნის კატასტროფაა. სამწუხაროდ დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. გრძელდება დაღუპული ჩვენი ძმების ამოცნობა და დაკრძალვა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ახალი საცხოვრებელი ახლების მშენებლობას" - ამბობს ფოატ ოკტაი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი.
ფოატ ოკტაი ამბობს, რომ სტიქიით დაზარალებულ 10 პროვინციაში კი ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ მიწისძვრის დანაშაულის გამოძიების ოფისები გახსნა. მიზეზი ქალაქებში გახშირებული დანაშაულები გახდა. ამ დროისთვის ამ ბრალდებით 131 პირია დაკავებული.
ბოლო ცნობებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა