"გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შენაძენია... მიუღებელია ეს სამართლებრივი კონტექსტი" | გამოფენის კურატორი 

გამოქვეყნდა:

გამოფენის "ავტორპორტრეტი სარკესთან” კურატორი, ქეთი შავგულიძე მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, შსს-ს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმაურება. 

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი წერს, რომ კატეგორიულად გმობს მხატვრის ქმედების ისეთ სამართლებრივ კონტექსტში განხილვას, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი და მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ მოვლენებზე ზემოქმედების, გადაკვალიფიცირდეს მუხლი. 

განცხადება იხილეთ სრულად:  

"4 თებერვალს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა, ჩემს მიერ კურირებული გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ (წარმდგენი კულტურის ცენტრი „ათინათი“). 52 მხატვარი, აქედან მონაწილეთა ნახევარი ქალები და ქვიარ თემის წარმომადგენლები. ამბავი მეებისა, თაობებისა, გენდერისა, გამოცდილებებისა და მსოფლმხედველობებისა… ისეთი მნიშვნელოვანი ავანგარდისტების გვერდით, როგორც დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ირაკლი გამრეკელი, ზიგმუნტ ვალიშევსკი, ირინა შტენბერგი და 70-90-იანი წლების გამორჩეული ნონკონფორმისტი ხელოვანებია, წარმოდგენილი იყო უცხოეთში მცხოვრები ქართველების ნამუშევრები და ახალგაზრდა მხატვრების ავტოპორტრეტები, რაც ჩემი პრიორიტეტია ყველგან და ყოველთვის – გზა გავუხსნა მათ, გავუზიარო ცოდნა, მივცე თვითრეალიზების, დამკვიდრების შესაძლებლობა და შევქმნა კონტექსტი, სადაც ისინი საკუთარი თავის პოვნას და წარმოჩენას შეძლებენ.

გახსნაზე სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე დაწერილ ტექსტზე და ჩამოხსნილ ნამუშევარზეპოლიციამ დაიწყო საქმის ძიება, რომელიც შემდეგ გავიგე, რომ გალერეის ხელმძღვანელობამ გამოიძახა, იმ ნამუშევარზე, რომელიც მე და წარმდგენმა ორგანიზაციამ საგამოფენო დადგენილი წესით, მიღება-ჩაბარების აქტით, ისევე როგორც სხვა მხატვრების ნამუშევრები, გადავეცით ეროვნულ გალერეას დროებით მფლობელობაში. გალერეა, როგორც მასპინძელი ორგანიზაცია პასუხისმგებელია მათ მოვლა პატრონობაზე და შენახვაზე გამოფენის დასრულებამდე.

როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რომელსაც მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და თავად ვასწავლი აქციიონიზმის ისტორიას, ვთვლი, რომ ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი შენაძენია.

კატეგორიულად ვგმობ მხატვრის ქმედების ისეთსამართლებრივ კონტექსტში განხილვას, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი და მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ მოვლენებზე ზემოქმედების, გადაკვალიფიცირდეს მუხლი, რომელსაც ჩემი ინფორმაციით უკვე განიხილავენ და იმედს ვიტოვებ რომ ეს ასეც იქნება.  

ჩემთვის, როგორც პირველ რიგში ლექტორისთვის, რომელიც აქციონიზმის ისტორიასა და ინსტიტუციური კრიტიკის მაგალითებს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ლექციებზე, მნიშვნელოვანია ყველა მოვლენის საგანმანათლებლო მხარე. ამ გამოფენაზე დაგეგმილი მქონდა საუბრების სერია, მაგრამ ახლა მთავრია გაკვეთილი მომავალი აქციების ავტორებისთვის, როგორ უნდა დაიგეგმოს ან თუნდაც წარიმართოს იმპროვიზირებული აქცია, რომ პოლიციის წინაშე არავის მოუწიოს პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში სამწუხაროა, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და პასუხისმგებლობა დაეკისრათ, როგორც ქალებს რომლებიც სივრცეს უწევენ მეთვალყურეობას, ასევე დაცვის თანამშრომლებს. მათ მიიღეს გაფრთხილება, ხოლო დაცვის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმედი მაქვს, საზოგადოება გულთან ახლოს მიიტანს მათ მდგომარეობას და ისევე, როგორც მხატვარს, მათაც გამოუცხადებს სოლიდარობას. მეორეს მხრივ კი, სანდრო გაიაზრებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანების წინაშე. მომავალ აქციონერებს კი მოვუწოდებ, რომ თავად დარჩნენ აქციიის ადგილზე თუ ებრძვით სისტემას, ეცადეთ რომ ამ სისტემას არ ემსხვერპლონ ადამიანები. დავიცვათ და პატივი ვცეთ ადამიანის უფლებებს, სხვებს ნუ ჩავაბამთპროცესში მათგან მიღებული თანხმობის გარეშე.

ვთვლი რომ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ფუნქცია შეიძინა ამ გამოფენამ და წარმოაჩინა ის შეცდომები, რომელიც მომავალში გათვალისწინებული იქნება, რათა უფრო ღრმა და ძლიერი იყოს მხატვრების ხმა.

მე კი, როგორც გამოფენის კურატორი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი ამ აქციის შესახებ (არავის შეხსენება რა მჭირდება და თუ მოვისურვებ თავად დავგეგმავ აქციებს, როგორც არაერთხელგამიკეთებია, გამიპროტესტებია, სოლიდარობა გამომიჩენია…), მაინც ვიღებ პასუხისმგებლობას მხატვრის აქციაზე და თანახმა ვარ პასუხი ვაგო მის, ისევე როგორც ყველა იმ მხატვრის გადაწყვეტილებაზე რომელიც მე შევარჩიე ამ გამოფენისთვის. ამ მხატვრების ასეთ მასშტაბული გამოფენის კონტექსტში წარმოდგენა ჩემი ერთწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად გახდა შესაძლებელი.

როგორც გამოფენის კურატორი და ხელოვნების ისტორიკოსი, მიუღებლად მივიჩნევ ამ სამართლებრივ კონტექსტს და კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ არ მიიღოთ ასეთი ზომები მხატვრის აქციის საპასუხოდ.

იმედს ვიტოვებ, სანდრო გამოჩნდება და თავადაცგააკეთებს განცხადებას, რომელსაც სხვებთან ერთად, მეც ველოდები.


… ვისურვებდი მესაუბრა საოცარ ქალებზე ჩემი გამოფენიდან, ქვიარ არტისტებზე რომელიც ყველაზე საინტერესოდ იკვლევენ საკუთარ თავს, იმ ხიდზე რომელიც წარსულსა და ახალგაზრდებს შორის არსებობს; იმ საოცარ ხალხზე, თობაზე ძველი მხატვრებისა, რომელიც მაგალითი არიან თუ როგორი უნდა იყოს ხელოვანი და ადამიანი. მათ შექმნეს ფუნდამენტი, რომლის გარეშეც დღეს არ იქნებოდა არც ქართული თანამედროვე ხელოვნება და არც ეს უნიკალური სივრცე, რომელიც დიმიტრი შევარდნაძემ რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის სანაცვლოდ გახსნა. ასეთი ადამიანები ქმნიან ისტორიას. ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული სივრცე არ ეკუთვნოდა და ეკუთვნის არც ერთ ხელისუფლებას, ეს არის ყველა მხატვრისთვის საამაყო სივრცე იმ ღირებულებებით, რომლებიც მისმა დამფუძნებლებმა მიანიჭეს, რომელიც დღესაც ამ გამოფენაზე არიან წარმოდგენილნი. სწორედ ასეთ შემოქმედებით ძალად ვუსურვებ ახალგაზრდებს.

გამოფენა შედგა. ის არის მართლაც ავტოპორტრეტი სარკესთან, ჩვენი ავოპორტრეტი, როგორც კონცეფციაში დავწერე – „შესაძლებლობა თვალი გავადევნოთ საუკუნოვან პროცესს, თუ როგორ ირეკლება ავტორი სამყაროში და პირიქით – გარემო მის გამოსახულებაში“.

მინდა გაითვალისწინოთ, რომ მე მაქვს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, როგორც დონორი ორგანიზაციის, გალერეის, ასევე გამოფენაში ჩართული სხვადასხვა მოსაზრების მხატვრების წინაშე, ისევე როგორც სამუზეუმო ფონდიდან წამოღებულ უნიკალურ ნიმუშებზე,ამიტომ გადაწყვეტილებას გამოფენის შესახებ ხელაღებით ვერ მივიღებ.

ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები სიმართლის, ღირსების, თავისუფლების, პასუხისმგებლობის, შემოქმედების და ევროპული ღირებულებების მხარეს",- ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება  ქურდობის მუხლით დაიწყო.

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი