
"გაბრაზდა კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო, ამის გამო მას არავინ დაიჭერს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით ამბობს.
"გაბრაზდა კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო, ამის გამო მას არავინ დაიჭერს. თავი გამოყვეს ამ ფსევდოლიბერალებმა, ხელმოცარულები არიან მეტი არაფერი და არ იციან, რით დაკავდნენ. თავიანთი გამოგონილი თემა აქვთ და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ. არავინ იჭერს, პატივცემულებო. ეს არის მიუღებელი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ყველა თავის ქმედებაში თავისუფალია და გამოუწერენ მაქსიმუმ ჯარიმას, შეიძლება ესეც არ გამოუწერონ", - ამბობს ზარქუა, რომლის კომენტარსაც TV იმედი ავრცელებს.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს.