"ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება. შესაბამისად, გამოძების დაწყება ზემოთ მითითებული კვალიფიკაციით, იმთავითვე არასწორია", - ასე ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხელვოვანის, სანდრო სულაბერიძს, წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
შსს სანდრო სულაბერიძეს თავისსავე ნახატის მოპარვას ედავება და მის წინააღმდეგ გამოძიებას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე აწარმოებს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, და ამ კუთხით მის წინააღდეგ გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს. საია ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი გაფრთხილება, რომ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი.
საია კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ მიმდინარე რეპრესიებზეც საუბრობს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ სამინისტროში თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო.
საია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, რომ შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა, ასევე, თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან, ხოლო გულდასმით შეისწავლოს ასეთ ფაქტები და მოახდინოს მასზე ჯეროვანი რეაგირება.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს ეროვნულ მუზეუმში გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".