ხელოვანი ანდრო დადიანი, რომელმაც გუშინ ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანა მოითხოვა, გამოდის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეს ნამუშევრები აჩუქონ. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომლის ჩუქებასაც თავად აპირებს.
ანდრო დადიანი წერს, რომ მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროს გენინსპექციამ ორბელიანების სასახლიდან ნახატები წაიღო გაჩნდა თავისუფალი სივრცეები.
"ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია უნდა გაჩნდეს, თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია ეს, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ხელოვანებმა ნამუშევრები. მე მინდა ეს ნამუშევარი ვაჩუქო სასახლეს", - წერს ანდრო დადიანი.
ცნობისთვის, ანდრო დადიანმა ეროვნული გალერეიდან ნამუშევრების გატანა მხატვარ სანდრო სულაბერიძის სოლიდარობისა და მიმდინარე მოვლენების მიმართ პროტესტის ნიშნად მოითხოვა. იგივე შინაარსის განცხადებები გააკეთა გამოფენის კიდევ სამმა მონაწილემ.
რა მოხდა მანამდე: 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, რასაც ხელოვანების და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. 13 თებერვალს კი კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში მივიდა და 5 ნახატი ჩამოხსნა. ადმინისტრაცია მომხდარს პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს.