
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის 8 ოლქი: დონეცკი, ხერსონი, ხარკოვი, სუმი, მიკოლაივი, ჩერნიჰივი, ზაპოროჟიე და ლუჰანსკი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მთავრობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ადმინისტრაციების ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა ექვსი.
ხერსონის რეგიონს რუსებმა 54-ჯერ დაარტყეს. დაბომბეს საცხოვრებელი სახლები და რკინიგზა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულია სამი.
ერთი სამოქალაქო პირი შეეწირა რუსულ თავდასხმას ქალაქ სტავკიში, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რეგიონში რუსებმა 15 დასახლება დაბომბეს.
17 დასახლება დაიბომბა ხარკოვის ოლქში, რის შედეგადაც განადგურდა ექვსი საცხოვრებელი სახლი, პავილიონები, სამოქალაქო ინდუსტრიის ობიექტები და საზოგადოებრივი ცენტრი.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიბომბა ზაპოროჟიეს 18 დასახლებაშიც. საცხოვრებელი სახლები დაზიანდა მიკოლაევში მომხდარი თავდასხმისასაც.