
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა იარაღი, რომელიც მას ომის მოსაგებად სჭირდება.
NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსის წვერებს შორის კონსულტაციები კიევის მხარდასაჭერად მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"როცა საქმე ეხება არტილერიას, ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, მთელი რიგი ლოჯისტიკა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ იარაღის სისტემების შენარჩუნებას. ეს გახდა გამანადგურებელი ომი და შესაბამისად, ის ასევე ლოჯისტიკის ბრძოლაა", - თქვა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე. მისი თქმით, "ამჟამად ეს უკრაინისთვის გადაუდებელი საკითხი არაა". როგორც მან აღნიშნა, ალიანსმა ფოკუსირება უნდა გააკეთოს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებაზე.
სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი განცხადება, რომ რუსეთი არა მშვიდობისთვის, არამედ ომის გაგრძელებისთვის ემზადება.
"ჩვენ ვერანაირ მინიშნებას ვერ ვხედავთ, რომ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება. რასაც ვხედავთ, ეს ამის საპირისპიროა - ის ემზადება ომის გაგრძელებისთვის, ახალი თავდასხმებისთვის. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მეტი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას", - თქვა სტოლტენბერგმა.