2008 წლის ომზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ - ინჯია

გამოქვეყნდა:

„ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე ამ თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავალთ ყველა რეგიონში და ხალხს განვუმარტავთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალ ომს, ასევე, 2008 წლის ომის გამოძიების შედეგების მნიშვნელობას“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, ჭეშმარიტება, თუ რა და როგორ მოხდა, რის შედეგად დაიკარგა ტერიტორიები აინტერესებს საზოგადოებას და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

"ომი შეაფასა ტალიავინის კომისიამ. მოგვიანებით, ომის დაწყების ქრონოლოგია აისახა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. ომის თემაზე თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულ საზოგადოებას არ აქვს მკაფიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში: რატომ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%; შეიძლებოდა თუ არა ქვეყნისთვის ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება; რას ურჩევდნენ, თუ მიუთითებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები; ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში. ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა; რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ და, საერთოდ, იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო განლაგებული; - საქართველოს მხრიდან, უფლებამოსილი პირების გარდა, ვინ მონაწილეობდა, გადაწყვეტილებების მიღებაში და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც საზოგადოებაში დღემდე მუსირებს. მიგვაჩნია, რომ თითოეულ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება ჭირდება, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ. შესაძლებელია გამოძიების დაწყება როგორც პროკურატურის მიერ, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!“, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ეს საკითხი უფრო აქტუალურია დღეს იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ საქართველოში, მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

„დარწმუნებული ვართ, რომ 2008 წლის ომის საფუძვლიანი გამოძიება ახალი ომის პრევენციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი