
ნორვეგია უკრაინას 8 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს და ოთხ დამხმარე მანქანას გაუგზავნის, - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა ნორვეგიულ მედიასთან გააკეთა.
გრამის თქმით, დამატებით 250 მილიონ ნორვეგიული კრონის (24,8 მილიონი დოლარის) ოდენობის თანხა გამოიყოფა Leopard 2-ის ტანკების სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალებისთვის. თანხა ევროკავშირის უკრაინის ფონდიდან, "ევროპული მშვიდობის ფონდიდან" გამოიყოფა.
"ნორვეგია რვა ტანკს და ოთხ დამხმარე მანქანას გააგზავნის უკრაინაში. ჩვენ გამოვყოფთ დამატებით სახსრებს, საბრძოლო მასალებისთვისა და სათადარიგო ნაწილებისთვის", - თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე სიტყვებით, უკრაინაში ომი ახლა კრიტიკულ ფაზას უახლოვდება და მათ დასავლელი პარტნიორების ძლიერი დახმარება სჭირდებათ.
"მათ ახლა ძლიერი დახმარების ხელი სჭირდებათ...ჩვენ ასევე, წვლილს შევიტანთ უკრაინული სატანკო ეკიპაჟების ტრენინგსა და მომზადებაში, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად", - განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა.