
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოსკოვმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი გადასცა.
საოკუპაციო რეჟიმის ცნობით ექსტრადირებულია თემურ ძაპაროვი, იგივე ჯაფარიძე, რომელსაც ცხინვალში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის 2002 წელს მკვლელობების ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი.
ე.წ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გაყალბებული დოკუმენტებითა და შეცვლილი გვარით, თეიმურაზ ბეტეევი რუსეთის ტერიტორიაზე იმალებოდა. ის 2019 წლის ნოემბერში დააკავეს.
“არსებული ინფორმაციით, ძაპაროვი დიდი ხნის განმავლობაში თავს აფარებდა საქართველოს ტერიტორიას, სადაც მჭიდრო კავშირში იყო საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაში ირიცხებოდა. საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი გაყალბებული დოკუმენტებითა და შეცვლილი გვარით [თეიმურაზ ბეტეევი] რუსეთის ტერიტორიაზე იმალებოდა” – აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურა.