ენათმეცნიერებათა ინსტიტუტში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი ამბობს, რომ შენობას წლებია მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი აქვს და ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს ყველა ინსტანციას აქვს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
"ავარიული შენობა არის დიდი ხანია, მეოთხე კატეგორიის ავარიული. იცის ეს ყველა ინსტანციამ და გვპირდებიან მდგომარეობის გამოსწორებას, ანუ, ახალ შენობას ან გარემონტებას. მაგრამ, ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისევ აქა ვართ და სამწუხაროდ, აი, ინგრევა შენობა. აქ ჩემი სამუშაო კაბინეტია, დიდი ხანია აქ ვმუშაობ და შემთხვევით ვინმე რომ ყოფილიყო იმ დროს ამ კაბინეტში, ცხადია აქ ისეთი მდგომარეობაა, რომ შესაძლებელია ძალიან ცუდი შედეგი მოჰყოლოდა ყოველივე ამას", - ამბობს გიორგი გოგოლაშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფო ენას ქვეყანაში ემსახურება ერთადერთი ინსტიტუტი და მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ მას შესაბამისი პირობები ჰქონდეს.