
ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი (NHC) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ არ დაამტკიცოს "უცხოელი აგენტების" შესახებ ინიცირებული კანონპროექტი.
NHC-ის ამ განცხადებას სხვადასხვა ქვეყნის 40 ორგანიზაცია აწერს ხელს.
როგორც განცხადების ავტორები წერენ, "ქართულ ოცნებას" გამიჯნული "ხალხის ძალის" დეპუტატების ეს ინიციატივა ავტორიტარულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გამეორებაა.
"ჩვენ ვთვლით, რომ კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია, რომელიც იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში", - წერია განცხადებაში.
მათივე თქმით, ასეთ კანონს ხშირად ამართლებენ ეროვნული სუვერენიტეტის საგარეო გავლენისგან დაცვის მოტივით, თუმცა, სინამდვილეში იგი ხელისუფლებას გზას უხსნის შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარი შეზღუდვები აქვთ ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა რუსეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი.
მათივე განცხადებით, შემოთავაზებული კანონპროექტის დამტკიცება საქართველოს კიდევ უფრო მოაქცევს რუსული ორბიტის გავლენის ქვეშ.
ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი განცხადებაში საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებასაც მიმოიხილავს და წერს, რომ საქართველომ დიდი რეგრესი განიცადა დემოკრატიული მმართველობის ინდექსის მაჩვენებლით. ამასთან ერთად, უწყება წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური დისკურსი სულ უფრო პოლარიზებული ხდება, რაც სულ ურო ამცირებს დაპირისპირებულ მხარეებში დიალოგის შესაძლებლობას.
"საქართველოში პოლიტიკური დისკურსი სულ უფრო და უფრო პოლარიზებული ხდება. პოლიტიკური ლიდერები ფოკუსირდებიან ერთმანეთის დაცინვაზე, მუქარაზე, გალანძღვაზე და ძალადობაზე, ვიდრე კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე. მმართველი პარტია "ქართული ოცნება", ხშირად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "მოღალატე" და "მტრები", იმის მაგივრად, რომ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და კომპრომისისთვის შექმნის სივრცეს ... საქართველოს პოლიტიკურმა ელიტებმა ენობრივი მანიპულაციის საბჭოთა ტექნიკები აითვისეს და უფრო ხშირად იყენებენ ამ იდეოლოგიას ყოველდღიურ ცხოვრებაში", - ვკითხულობთ ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.