
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება.
"ამჟამად, პოლონეთში ვიზიტისას პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის",- თქვა კირბიმ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
როგორც მან აღნიშნა, ბაიდენი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას, ასევე NATO-ს სხვა მოკავშირეებს შეხვდება.
"პრეზიდენტი ბაიდენი მადლობას გადაუხდის პრეზიდენტ დუდას და პოლონელ ხალხს 3.8 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც მათ გასცეს უკრაინას გასული წლის განმავლობაში", - თქვა მან.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი პოლონეთში 20 თებერვალს ჩავა.