NATO-ში გაწევრიანება შვედეთთან ერთად გვირჩევნია და გვინდა - ფინეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

ფინეთის პრემიერმინისტრის, სანა მარინის თქმით, ფინეთისა და შვედეთის სურვილი NATO-ში ერთად გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

"ჩვენ გავაგზავნეთ ძალიან მკაფიო გზავნილი: ჩვენ შვედეთთან ერთად გვსურს [NATO-ში] გაწევრიანება. ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან კარგი მეზობლები და პარტნიორები ვართ, ეს ასევე ეხება უსაფრთხოების ძალიან კონკრეტულ საკითხებს. NATO-ს ინტერესებშიცაა, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსს ერთად შეუერთდნენ", - თქვა მან.

ფინეთის პრემიერმინისტრს სთხოვეს განემარტა, თურქეთის პოზიციის ფონზე,  სურდა თუ არა მის მთავრობას შვედეთთან ერთად NATO-ში გაწევრიანება და არის თუ არა ცვლილება ჰელსინკის მიდგომაში.

"არანაირი ცვლილება. ცხადია, ჩვენ გავლენა ვერ გვექნება იმაზე, თუ როგორ მოახდენს ზოგიერთი ქვეყანა რატიფიცირებას, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ, გვირჩევნია და გვინდა ერთად გაწევრიანება", - თქვა მან.

ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა უჭერდეს მხარს. ამჟამად ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება თურქეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. თურქეთი აცხადებს, რომ ის ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

შვედეთსა და თურქეთს შორის ვითარება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაიძაბა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, გასულ თვეში სტოკჰოლმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვის თანამონაწილეში შვედეთის მთავრობა დაადანაშაულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი