ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ნონიაშვილი თანამდებობას ტოვებს, თუმცა პარტიაში რჩება. ფეისბუქით გავრცელებულ განცხადებაში ნონიაშვილი წერს, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, მისთვის მიუღებელია მმართველობის ის ფორმა, რომელიც პარტიის მენეჯმენტში ყალიბდება და არ იზიარებს მათ მიდგომებსა და ქცევის სტანდარტს:
"მეგობრებო 16 წელი ვიყავი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ვაგრძელებდი საკუთარი პარტიული მოვალეობის შესრულებას ბოლო წლის განმავლობაში უკრაინიდან, რადგან ყოველთვის ვიბრძოდი და ვიბრძოლებ ღირსებით, სიმართლის გამარჯვებისათვის.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, მას მერე რაც ნიკა მელიამ ღირსეულად მიულოცა გამარჯვება ლევან ხაბეიშვილს, პარტიაში "ახალი თავმჯდომარის" უკან მდგომ "ძველ მენეჯერთა" და ჩრდილოვან მმართველთა მიერ ინიცირებულმა პროცესმა, ტექნიკურ ყრილობაზე მოტყუებით, უსამართლოდ, არჩევითი ორგანოს (პოლიტსაბჭოს) არჩევითობის გაუქმებამ - რეალურად ძალაუფლების უკანონო მიტაცებამ და ნაციონალური მოძრაობის ფაქტობრივად დამფუძნებელი წევრების პარტიის მიღმა დატოვებამ, ამომრჩეველთა თითქმის ნახევრის უგულებელყოფამ, არ დატოვა მორალური სივრცე ჩემთვის, რომ რაიმე სახით წარმოვადგენდე პარტიის მენეჯმენტს რაიონულ დონეზე, რადგან არ ვიზიარებ არსებული მენეჯმენტის მიდგომებს, ფასეულობებსა და ქცევის სტანდარტს.
ვრჩები ნაციონალური მოძრაობის წევრად და ვაგრძელებ ბრძოლას პროცესის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებამდე, ჯერ პარტიის შიგნით, ხოლო შემდეგ ქვეყანაში!
მადლობას გადავუხდი ჩემი გუნდის თითოელ წევრს, მათ ოჯახებს, ამომრჩეველს ვინც ნდობას მიცხადებდით
ჩვენი ბრძოლა გრძელდება!!!" წერს ნონიაშვილი