
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ომის მოსაგებას უკრაინას სჭირდება მეტი არტილერია, ჯავშანმანქანები, საჰაერო თავდაცვა, ამიტომ ახლა არის დრო, რომ სამხედრო დახმარება გაორმაგდეს.
"ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია, რათა უკრაინამ მიაღწიოს გადამწყვეტ უპირატესობას ბრძოლის ველზე და მოიგოს ომი, ხოლო პოლიტიკური სტრატეგია, იმისთვის, რომ მიაღწიოს მშვიდობას. ომის მოსაგებას უკრაინას სჭირდება მეტი არტილერია, ჯავშანმანქანები, საჰაერო თავდაცვა, ამიტომ ახლა არის დრო, რომ გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო დახმარება. როდესაც პუტინმა ეს ომი დაიწყო, მან ფსონი დადო იმაზე, რომ ჩვენი პრინციპულობა მტკიცე არ იქნებოდა, ახლაც კი დებს ის ფსონს იმაზე, რომ ჩვენ დავიღლებით. მაგრამ ჩვენ მაშინაც დავამტკიცეთ, რომ ის ცდებოდა და ახლაც დავამტკიცებთ, რომ ცდება",- თქვა სუნაკმა.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციაზე დღეს ნატოს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარების ერთაერთი გზა პუტინის დამარცხებაა.
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამყარომ იგნორირება არ უნდა გაუკეთოს კრემლის მცდელობებს, გაანადგუროს საერთაშორისო ინსტიტუტები, მოახდინოს სოციალური ცხოვრების დესტაბილიზაცია და აწარმოოს დეზინფორმაციული კამპანია. ვოლოდიმერ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს დახმარების მიწოდების დაჩქარებას სთხოვს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა ქვეყნების ლიდერებიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან კრემლი კვლავ ომს ირჩევს.