"პუტინის ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინას"| საქართველოში სენატორი შაჰინი და დურბინი ჩამოვიდნენ 

გამოქვეყნდა:

მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოსა და რუმინეთს ეწვევიან. 

აშშ-ის საელჩოს განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

"შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს  რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.

საქართველოს წინ  მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს , სწორედ [ამ საკითხების] პრიორიტეტულად მიჩნევისკენ  მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად. ასევე, მოუთმენლად ველი რუმინეთში ჩვენს მოკავშირეებთან შეხვედრას. [რუმინეთი],  ნატოს  მნიშვნელოვანი წევრია, რომელმაც საგულისხმო როლი ითამაშა უკრაინის ომის ფრონტზე, ხელი შეუწყო რა დასავლური აღჭურვილობის შემოდინებას  პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად და ლტოლვილების დასახმარებლად , რომლებიც ძალადობას გაექცნენ. ბევრი რამ არის განსახილველი და ვაფასებ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან პირადად ურთიერთობის შესაძლებლობას", - თქვა ჯინ შაჰინმა.

ვიზიტის შესახებ სენატორმა დურბინმაც ისაუბრა:

"საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის  პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას  თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ  ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა , როგორც ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა  წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატოს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას", - თქვა დურბინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი