
თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან 2 კვირის შემდეგ, მიწისძვრის ადგილას სამაშველო სამუშაოები სრულდება.
ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 19 თებერვალს ღამით დასრულდება.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს გამთენიისას მოხდა. მიწისძვრას ორივე ქვეყანაში 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში 345 000 საცხოვრებელი განადგურდა და ბევრი ადამიანი ისევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. არც თურქეთს და არც სირიას დაკარგული ადამიანების რაოდენობა ოფიციალურად არ გამოუცხადებია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში 26 მილიონამდე ადამიანს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.