ხვალ ე.წ. ხალხის ძალის პროექტი უცხოეთის აგენტების შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. ღიად ანტიდასავლური და ანტიდემორკატიული კანონპროექტი, რომელიც 2 მიზანს ემსახურება - ქვეყანაში კრიტიკული აზრის გაქრობას და ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების საბოტაჟს.
მოდით მოვყვეთ ეტაპობრივად - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დასახელებული 12 პუნქტიდან ერთ-ერთი პირდაპირ ეხება სამოქალაქო სექტორის განვითრებას. "ოცნების" რეპრესიული კანონი სამოქალაქო სექტორს აგენტის გამოგონილ იარლიყის აკერებს, ფინანსები კი ამ ორგანიზაციებს ისედაც გამჭვირვალე აქვთ და ამაში დარწმუნება თავადაც შეგიძლიათ თუ მათ ვებგვერდებს გადახედავთ.
იდენტური ინფორმაცია ქვეყნდება დონორების ვებგვერდებზეც. კანონი აფერხებს მედიასაც, რომლის დამოუკიდებლობაც 12 პუნქტიდან ასევე ერთ-ერთია. ცხადია ჩვენც მათ შორის და ძალიან ბევრი მედიასაშუალება პერიოდულად მიმართავს ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგალითად ტექნიკური მხარდაჭერისთვის.
ერთი კამერის გამო კი "ქართული ოცნება" ახლა ამ მედიასაშუალებებს უპირებს პროპაგანდისტული იარლიყი მიაკეროს. ისევე როგორც პუტინმა გააკეთა ეს რუსეთში. უცხოეთის აგენტი, თითქოს რაღაც დააშავეს ამ ადამიანებმა იმით, რომ უკეთესი ქვეყნისა და უკეთესი საზოგადოების ფორმირებისთვის იღწვიან. "ქართულ ოცნებას" ადამიანებისთვის, მით უმეტეს ჟურნალისტებისთვის, პროპაგანდისტული იარლიყების მიწებება არც აქამდე უჭირდა.
მაგრამ, ერთია ამას პარტიული ფულით რომ აკეთებს სოც. მედიაში, მეორეა ამას შენივე გადახდილი გადასახედებით დაფინანსებული სტრატკომით რომ აკეთებს, და კიდევ უფრო სახიფათო განზომილებაა - როცა ეს ყალბი პროპაგანდისტული იარლიყები უკვე კანონმდებლობაში გადააქვს. ერთი სიტყვით, ეს "ოცნების" რუსული გზაა, რომელსაც ნამდვილად არ მივყავართ არც ეკლესიასთან და არც აღქმულ მიწასთან.