
კლინიკა "ვივა მედთან" სამართალდამცავები არიან მობილიზებული. საავადმყოფოს ტერიტორიაზე პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანები განლაგდნენ. რას უკავშირდება დაცვის გაძლიერება, უცნობია.
"მთავარი არხი" ცდილობს მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და "ვივა მედის" ხელმძღვანელობასთან გაარკვიოს. მესამე პრეზიდენტის ექთანმა თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას რას შეიძლება აღნიშნული უკავშირდებოდეს. ქეთი ღვინიანიძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია ხომ არ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სხვაგან გადაყვანა.
მესამე პრეზიდენტთან დედა, გიული ალასანიაა მისული. ადვოკატ, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალ მიმართავენ სააპელაციო სასამართლოს და მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. სარჩელს დაერთვება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა, ასევე "ფორმა-100" კლინიკიდან, სადაც კახექსიის დიაგნოზია დასმული.