
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არცერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მდგომარეობაში, მიუხედავად ამისა კი საქართელო მაინც მოტივირებულია უკრაინის მხარდაჭერისთვის.
"მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის იყო კომუნიკაცია. იცით, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ინტენსიური კომუნიკაცია, არამედ მეგობრობის ჯგუფის ორგანიზებით და მონაწილეობით, მათ შორის უკრაინელი ბავშვები გვყავდა საქართველოში, გვეწვივნენ პარლამენტში. მეგობრობის ჯგუფებს შორის არის საკმაოდ ინტენსიური გაცვლა ამასთან დაკავშირებით. 24 თებერვალთან დაკავშირებით უკრაინაში იგეგმება ღონისძიება, მიმართეს ყველას, ვისაც იქ ჩასვლის სურვილი ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისგან თავისი კოლეგის მიმართაც იყო გაჟღერებული პოზიცია, რომ საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელიც არ გამოუჩენია არცერთ ქვეყანას, რომელიც შეიძლება ასეთ პირობებში ყოფილიყო.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული ნატო-ს ქოლგით, მიუხედავად ამისა, ვართ ყველაზე ხმამაღალი საერთაშორისო ფორმატებში. განსხვავებით ყველა სხვისგან, ვინც არის უკრაინის მხარდამჭერების ალიანსში, ჩვენი ქვეყანა არ არის დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით, ვართ რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა და ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც შეეეხება სანქციების გვერდის ავლის ხელშეშლას. ჩვენ ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, დიდია რისკი, რომ ვინმე შეეცადოს, ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს. განსაკუთრებით, როდესაც მოქმედებს სანქციები და აკრძალვები, ყოველთვის გამოჩნდებიან ჯგუფები, ვინც შეეცდებიან, ამაზე ხელი მოითბონ...
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან და რომლის ტერიტორიაზეც დღესაც დგას რუსეთის არმია, ნებართვის გარეშე. უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში არცერთი ქვეყანა არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, უსაფრთხოების, ეკონომიკური რისკებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამისა, ვართ მოტივირებული უკრაინის მხარდაჭერისთვის, როგორც სხვა ქვეყნები. ამ ფონზე ჩვენთვის სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავდასხმას, ეს არის იმედგამაცრუებელი. ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას გამარჯვებას. არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამ დროს ასეთი შეტევები ხორციელდებოდა საქართველოს წინააღმდეგ" - ამბობს პაპუაშვილი.