
ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და კანდიდატი სტატუსზე გიორგი გახარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ გუნდს დააკისრა. განცხადებისას გახარიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" გააკრიტიკა.
გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა და თქვა, რომ ყველას პირადი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
"ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა, არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს ოცნება ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა, სწორედ , ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში "ოცნება" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას - გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ოცნება ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების სურვილით და მზადაა ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ. ნაციონალური მოძრაობა კი, მზადაა ჩვენი ქვეყნის ეროვნული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია.
სწორედ ამიტომ, მივმართავ "ოცნებაში" დარჩენილ ადამიანებს, ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერ ივანიშვილი ვერ გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს მისი მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული", - თქვა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ დღეს, 21 თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს თხოვნით მიმართა, რომ მიუხედავად "ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს
მე, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოგმართავთ მხარდაჭერისთვის, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში. ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა - მათ აირჩიეს ევროკავშირი, როგორც მათი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი. დღეს, ჩვენ ამ მიზნის მიღწევასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. დღეს ეს შესაძლებლობა გააჩინა უკრაინელი ხალხის გმირობამ და მიზანდასახულობამ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისთვის გვჭირდება თქვენი დახმარება.
რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შექმნა ცივი ომის შემდგომ ისტორიაში გარდამტეხი მომენტი და ჩვენი გეოპოლიტიკური ინტერესები დააახლოვა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ორივე მხარისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ევროპაში აღარ დარჩა სივრცე გაურკვევლობისთვის. იმპერიების ნგრევის და მათი გავლენის სფეროების შემცირების გარეშე არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება. მე ღრმად მწამს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაეხმარება საქართველოს, მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმავოთ თანამშრომლობა, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ გამოწვევებს.
გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ უნდა იქნას მიღებული, დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს მომავალ განვითარებას და დემოკრატიის ბედს. ბევრი თქვენგანი დღეს შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მდგომარეობით. ევროინტეგრაციის პროცესს შეუძლია ეს მდგომარეობა შეცვალოს. ამის საპირისპიროდ, უარი ევროინტეგრაციაზე შექმნის ვითარებას, რაც საქართველოს მიიყვანს ავტორიტარულ მმართველობამდე. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ მოახდენს ევროკავშირის მხარდაჭერის დემოსტრირებას ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისადმი, არამედ ხელს შეუწყობს მთლიან რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
წინასწარ მადლობას მოგახსენებთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - წერია ლიდერებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.