
"ზახაროვასა და ნაცმოძრაობის გზავნილები ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. ნაცმოძრაობაც ამბობს, რომ პუტინის პატიმარია სააკაშვილი და პუტინის ინტერესშია მისი პატიმრობა და იგივე თქვა ზახაროვამაც", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
მისივე მტკიცებით, "ქართული ოცნებას" არ აინტერესებს ზახაროვას განცხადებები და მათი ინტერესი მხოლოდ სამართლის უზენაესობის აღსრულებაა.
"ჩვენ არ გვაინტერესებს ზახაროვა, თქვენ გაინტერესებთ. თქვენ დასდევთ აქეთ ზახაროვასა და იქით კუბილიუსის გზავნილებს, ჩვენ დავსდევთ იმას - თუ რა არის საქართველოს ინტერესები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. სამართლის უზენაესობა არის ის ეროვნული ინტერესი, რაც საქართველოს ამოძრავებს. როდესაც ადამიანი ჩადის უმძიმეს დანაშაულებს, მის მიმართ სასჯელი უნდა აღსრულდეს, ეს არის ერთადერთი ინტერესი, რაც ჩვენ გვამოძრავებს. რა ინტერესი აქვთ ზახაროვას და ნაცმოძრაობას, ამაზე თქვენ თვითონ შეგიძლიათ იმსჯელოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა და პროპაგანდისტმა მარია ზახაროვამ ტელეგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "სააკაშვილის ბედი ელის ყველას, ვინც ამერიკას სულს მიჰყიდის".