
„მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა შეძლებს ძველი ღირებულებების დაბრუნებას და სხვა სახელმწიფოებთან სამართლიანობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მათგანაც მოუწევს თავის დაცვა. იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ვიხილეთ ყველაზე უსამართლო, არაევროპული ევროპა. როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იმედით შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამ დროს ევროპელი დეპუტატები ანადგურებენ მათ იმედებს...
ის რომ რთული ვითარებაა მსოფლიოში, სადავო არავისთვის აღარ არის. ახლა ჩვენ ვდგავართ ომისა და მშვიდობის ტესტის წინაშე. ის რომ ოკუპაცია, აგრესია და სამხედრო ინტერვენცია მიუღებელია, ვთანხმდებით ყველა. მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მისმა განაცხადმა ყური მოსჭრა ბევრს ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით. მაგრამ დამერწმუნეთ, სულ ცოტა ხანში სხვა ლიდერებიც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ შეიარაღებაზე ზრუნვას მშვიდობის უზრუნველსაყოფად თითოეულის შენატანი სჯობს.
ვის რა მიზანი აქვს და ვინ რისთვის იბრძვის, ვინ ვის რისთვის სჭირდება და ვინ ვისთვის რას იმეტებს, ზედაპირზე დევს. 2008 წელს მოჰყვა 2014. დასავლეთმა ესეც გაატარა და დღეს მთელი უკრაინა ომშია გახვეული. ნატო-შიც და ევროკავშირშიც ღიაა კარები, მაგრამ ჩვენ ისევ კარებს მიღმა ვდგავართ. ამ ლოდინში კი ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია და დროებით, მაგრამ დავკარგეთ. მაშინაც ვიომეთ, მაგრამ არავისთვის არ გვითხოვია ჩვენს ომში ჩართვა, არც სანქციებით მოუკლავს თავი მსოფლიოს. სამაგიეროდ ახლა გვთხოვენ ომსაც და სანქციებსაც...
ომმა ყველაფერი ნათლად წარმოაჩინა წარსულიც და დღევანდელობაც, მომავალი კი ბუნდოვანია. რუსეთი უფრო აგრესიულად, ევროპა კი დეპრესიულად გამოიყურება და შეცდომაზე შეცდომას უშვებს. სამწუხაროა, რომ მსოფლიო და, მათ შორის, ევროპა გარკვეულ საკითხებში არა განვითარების გზით, არამედ დაღმასვლით მიდის. ორმაგი სტანდარტები ყოველდღიური მოხმარების იარაღად იქცა. უფრო მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ეს ეხება ისეთ ღირებულებებს როგორიცაა დემოკრატიული პრინციპები“
აცხადებს "ოცნებას" ფორმალურად "გამოყოფილი" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.