
Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის თანახმად, გასული წლის აპრილში, უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქ კრამატორსკში, მატარებლის სადგურზე რუსული კასეტური საბრძოლო მასალით თავდასხმა "ომის კანონების დარღვევა და აშკარა ომის დანაშაული" იყო.
კრამატორსკის სადგურზე თავდასხმა 2022 წლის 8 აპრილს მოხდა - მას 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.
Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა ადგილზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც აღჭურვილი იყო კასეტური საბრძოლო მასალით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 15 800 მომაკვდინებელი ლითონის ფრაგმენტი იყო გაფანტული სადგურისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ორგანიზაციის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მგზავრები სადგურს ევაკუაციისთვის იყენებდნენ.
"რუსი მეთაურები არიან პასუხისმგებელი ცნობილ ევაკუაციის კერაზე თავდასხმაზე, რა დროსაც გამოიყენეს იარაღი, რომლის გამოყენებაც არ შეიძლება თუ მისი ეფექტის კონტროლი შეუძლებელია. მომხდარი უნდა გამოიძიონ და მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ", - წერს ორგანიზაცია.
მიუხედავად საერთაშორისო მედიისა და სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ შეგროვებული არაერთი მტკიცებულებისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად უარყოფს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.