
ოკუპანტებმა დღეს, 21 თებერვალს ხერსონი დაბომბეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სულ 20-მდე აფეთქების ხმა იყო.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც:
"რუსეთი მასობრივად ბომბავს ხერსონს. კვლავ უმოწყალოდ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს. დაზიანდა ავტოსადგომი, საცხოვრებელი ფართები, მაღალსართულიანი შენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. ამ ტერორისტულ თავდასხმებს, სამწუხაროდ, მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებულები, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა. მსოფლიოს არ აქვს უფლება ერთი წუთით მაინც დაივიწყოს, რომ რუსეთის სისასტიკესა და აგრესიას საზღვარი არ აქვს. ტერორისტული სახელმწიფო იქნება პასუხისმგებელი ყველა მის არაადამიანურ დანაშაულზე ჩვენი ხალხისა და უკრაინის წინააღმდეგ", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.