"ხალხის ძალა" უკვე რეგისტრირებულ პროექტთან ერთად, პარლამენტს ე.წ. უცხოელ ჯაშუშებთან დაკავშირებით, კიდევ ერთ, ალტერნატიულ კანონპროექტს წარუდგენს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს იქნება ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი პირდაპირი თარგმანით:
"ხალხის ძალამ" მივიღეთ გადაწყვეტილება ინიცირება გავუკეთოთ ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც არის სუფთა ამერიკული ანალოგი. ჩვენ გავაკეთებთ პირდაპირ თარგმანს და დავაინიცირებთ კანონს, ამისთვის დაგვჭირდება 1-2 დღე. თავიდან, როცა "ხალხის ძალის" დეპუტაციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ შინაარსის კანონი წარგვედგინა, გავაცანით ის უმრავლესობის ლიდერს და ამ შეხვედრას ესწრებოდა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეც. ჩვენ გვქონდა თავიდან შეთავაზება, რომ წარგვედგინა პირდაპირ ამერიკული ვარიანტი, მაგრამ მათ მიერ იყო წინადადება, რომ უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არა ამერიკული პროექტი წარგვედგინა. ჩვენ მივიღეთ მათი შემოთავაზება და წარვადგინეთ, პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა ამერიკულ ვარიანტს. ჯერ საკომიტეტო განხილვები არ დაწყებულა და დაიწყო აქტიური ისტერია ამის გარშემო, რომ თითქოს რუსული კანონის ანალოგია. ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგზე გავაცანით სხვაობა, თუ რით განსხვავდება ამერიკული ვარიანტისგან და ავუხსენით საზოგადოებას, რომ რუსულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არავითარი აკრძალვის მექანიზმები ქართულ ვარიანტში არ იკითხება, ის შიშები და სპეკულაციები არის უსაფუძვლო. რადგან ასე წარიმართა პროცესი, მივიღეთ გადაწყვეტილება წმინდა ამერიკული ვარიანტი ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ, ანუ არჩევანი გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა და ვფიქრობ, მეტი საშუალება ექნება საზოგადოებას და ოპონენტებს მსჯელობის." განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. "გამიჯნულებისა" და "ოცნების" გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.