
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელების გადინების შესახებ ინფორმაცია "ტელევიზიების აწეული თემებია" და იგი სიმართლეს არ შეესაბამება.
"ბოლო 2 წლის განმავლობაში, მოგახსენებთ, 1 108 თანამშრომელმა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და მივიღეთ 1 047. ცოტა მეტი წავიდა ვიდრე მივიღეთ 2022 წელს. ის, რომ რაღაცა გარბიან და ტოვებენ ჩვენი პოლიციელები, არ შეესაბამება სიმართლეს და სამწუხაროდ, ესეც ტელევიზიების, რომლებსაც ძალიან არ ვუყვარვართ, მათი აწეული თემებია, რომ თითქოს გარბიან პოლიციელები. თუმცა, ახლა იცით, რომ მოვამატეთ ხელფასები. მოემატათ 30%-ით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხისას.
გომელაურის თქმით, პოლიციელების გადინება ხდებოდა 90-იან წლებშიც, 2000-იან წლებშიც და ხდება დღესაც, რადგან მოქმედი პოლიციელები უკეთესი სამსახურებისა და ანაზღაურების საძებნელად მიდიან.