რუსეთში "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებული უფლებადამცველი ამბობს, რომ საქართველოში აღარ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი უფლებადამცველი საქართველოში არ შემოუშვეს. მაქსიმ ოლენიჩევი, 2 წლის წინ საკუთარ სამშობლოში, მისი საქმიანობის გამო, “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადეს. მან დევნის გამო თავი საქართველოს შეაფარა.

ის ყვება, რომ ერთი კვირის წინ ბერლინში სამუშაო ვიზიტით იყო წასული, უკან, საქართველოში შემოსვლის უფლება კი მიზეზების ახსნის გარეშე აღარ მისცეს და სტამბოლში გააბრუნეს.

ოლენიჩევი ფიქრობს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს სპეციალური შავი სია აქვთ, რომელიც რუსეთის მიერ “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადებულ მოქალაქეებს აერთიანებს.

"უცხოელ აგენტად ჩემი გამოცხადების მიზეზი ჩემი საქმიანობა გახდა, მე იურისტი ვარ, ვწერდი სტატიებს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, ვიყავი ჩართული სისხლის სამართლის მრავალ საქმეში, მათ შორის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ორგანიზაციისა და ჟურნალისტ ივან საფრონოვის დასაცავად. 

რუსეთში ამ კანონის მიღებით სამოქალაქო საზოგადოება განადგურდა, კანონის მიზანი იყო ჩაეხშო ალტერნატიული აზრი. ამ კანონს არაფერი აქვს საერთო მედიისა თუ არასამთავრობოების ფინანსურ გამჭვირვალობასთან, ახლა, რასაც საქართველოში იღებენ სწორედ რუსული კანონის ანალოგია. ეს ცუდი შედეგების მომტანი იქნება, რადგან უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონის საფუძველზე რუსეთში არაერთი ორგანიზაცია დაიხურა, მათ მოუწიათ ქვეყნის დატოვებაც, ადამიანები ვერ შეძლებენ გარკვეულ სფეროებში დასაქმებას, ემუქრებათ დიდი ჯარიმები", - თქვა მაქსიმ ოლენიჩევმა.

მისივე განცხადებით, 2022 წლის ივნისში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთში ამ კანონით ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ის არ შეესაბამება კონვენციას და ეს ვერდიქტი, საქართველოზეც გავრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი