ბელგიაში, მიგრანტების დაკავების ცენტრში არეულობა მოხდა მას შემდეგ, რაც პატიმარი შიმშილით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "The Brussels Times" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ანტვერპენის მახლობლად, მერკსპლასში, მიგრანტების დაკავების ცენტრში გარდაიცვალა 40 წლის კაცი საქართველოდან. ბელგიის საიმიგრაციო სააგენტოს ცნობით, ფაქტმა მნიშვნელოვანი არეულობა გამოიწვია და დაწესებულებაში სიტუაციის დასასტაბილურებად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
უწყების ცნობით, დაკავებულმა შიმშილობა დაიწყო, რადგან უარი მიიღო საფრანგეთში გადაყვანის თხოვნაზე, სადაც მისი მეუღლე და სამი შვილი ცხოვრობენ. როგორც ბელგიური პრესა წერს, კაცი შიმშილობდა, თუმცა რა გახდა გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია.
"ამ ადამიანებს ყურადღებით აკვირდებიან სამედიცინო დონეზე და საჭიროების შემთხვევაში ხდება ჩარევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კაცის მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო საგანგაშო. მაგრამ სასამართლომ დაიწყო გამოძიება სიკვდილის მიზეზის დასადგენად“, - თქვა პაულიენ ბლონდელმა, იმიგრაციის დეპარტამენტის სპიკერმა.
ბელგიური მედიის თანახმად, პატიმრის გარდაცვალებამ სხვა დაკავებულების აღშფოთება გამოიწვია. ამან გამოიწვია არეულობა დაკავების დაწესებულებაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ 516 უსაბუთო მიგრანტიდან, რომლებმაც 2021 წელს შიმშილობა გამოაცხადეს ბრიუსელის ცენტრში, ბეგინაჟის ეკლესიაში, მხოლოდ 90-ს მიეცა ბელგიაში ლეგალურად დარჩენის უფლება.