
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი, რომ წონაში დაიკლოს. მან ამჯერად მესამე პრეზიდენტის ოჯახი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის კორუმპირებული და ღირსებისგან დაცლილია.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ოჯახს მიხეილ სააკაშვილთან მიაქვს არა პური, რომელიც უფრო კალორიულია, არამედ ცივი მჭადი.
"როდესაც მისივე ოჯახი ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც, პოტენციურად შეიძლება ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, იმიტომ, რომ წონაში იკლებს, ეს უბრალოდ გამაოგნებელია. აქედან ჩანს რა ოჯახთან გვაქვს ჩვენ საქმე, ზოგადად, ეს არის კორუმპირებული ოჯახი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობებში, სააკაშვილის ოჯახს აქვს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. [...] ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი და ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები, ეს უბრალოდ კატასტროფაა", - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, 500 დღეზე მეტია მისი ოჯახი, მისი პოლიტიკური პარტიის ლიდერები და "მისი პატრონები" საზღვარგარეთ ამტკიცებენ, რომ "კაცი კვდება".
კობახიძე ისევ იმეორებს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილზე სათანადოდ ზრუნავს და "თვითდაზიანებას რაც შეეხება, დაბალი კალორაჟის საკვების შეტანა და ასე შემდეგ, ამაზე მთლიანად პასუხისმგებელია თვითონ სააკაშვილი და მისი ოჯახი, 100%-ით და 1 000%-ით".