"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში მესამე პრეზიდენტის საქმესა და საქართველოს დასავლეთთან დაშორებაზეც საუბრობს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" პროპაგანდირებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამო დასავლეთი უსამართლოდ გვჩაგრავს და სტატუსს არ გვაძლევს, სინამდვილეში კი პირიქით, ხელისუფლება ასე სწორედ იმიტომ იქცევა, რომ ეს სტატუსი ვერ მივიღოთ.
"დასავლეთი გვჩაგრავს და სუვერენიტეტს გვიზღუდავს“ არის და იქნება „ოცნების“ გენერალური პროპაგანდისტული ხაზი მომავალი არჩევნებისთვის. ამ პროპაგანდას რომ რელევანტურობა შეუნარჩუნდეს, „ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სტატუსი არ გვქონდეს. შესაბამისად, ავტორიტარიზმი სულ უფრო დამძიმდება, დღევანდელ ცუდს ხვალინდელი უარესი გადაფარავს. ესაა ივანიშვილის ტაქტიკური ქარგა (პატერნი). ამიტომაც, ცალკეულ ტაქტიკურ გამოვლინებებს კი არ უნდა ვსდიოთ, სტრატეგია უნდა ჩამოვაყალიბოთ. სხვა ყველაფერი ივანიშვილის მოძრავი სამიზნეებისკენ ყურადღების გადატანაა, ნაცვლად მთავარ სამიზნეზე - საკუთრივ რეჟიმზე მთელი რესურსების მობილიზაციისა.
ივანიშვილი დაუსრულებლად „ყრის“ საპროტესტო თემებს - დიდსა თუ მცირეს. მნიშვნელოვანია თუ ნაკლებად, შედეგად იღებს იმას, რომ ცალკეულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებს მიაქვთ ეს თემები, ახდენენ ამ თემებზე პროტესტის ავტორიზაციას და ექსკლუზიური წვრილი თუ საშუალო პროტესტების გენერირებას. ამგვარი პროტესტების მიმართ კი რეჟიმი მარტივად და სწრაფად ადაპტირებს და დაღლის ტაქტიკით და პროპაგანდით საბოლოოდ ანადგურებს. თუ დასჭირდა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომ რეჟიმი კონსტრუქციულია, მას უნდა ველაპარაკოთ, მისთვის არაეგზისტენციალურ საკითხებზე ცალკეულ პროტესტებს „ამარჯვებინებს“ (სანდრო სულაბერიძის ამბავი და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მახსენდება ამის მაგალითად) - ამბობს ნიკა გვარამია "რადიო თავისუფლებასთან".
ნიკა გვარამია ამბობს, რომ Russian Playbook-ის მეთოდები პროტესტის და განსხვავებული აზრის მართვის, იწვევს განცდას, რომ რეჟიმის წინაშე მარტო ხარ და უძლური, რომ რეჟიმი მუდმივია და მოცემულობაა, რომელსაც ან უნდა საზღვარგარეთ გაექცე, ან შეეგუო. მისი თქმით, თანამედროვე ავტოკრატები, პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ნაცვლად, რასაც საპასუხო წინააღმდეგობის გაჩენის დიდი პოტენციალი აქვს, იყენებს პროტესტის სურვილის გაქრობის ტაქტიკას, მის საინფორმაციო თუ ემოციურ ცვეთას.