ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD), საქართველოში უკრაინის საელჩოსა და უკრაინაში ჰოლანდიის საელჩოს ჩართულობით კონფერენციას მართავს. ღონისძიებას სახელად - "რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი" პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებიან.
საერთაშორისო კონფერენციას მიწვევის მიუხედავად არ ესწრება "ქართული ოცნება". ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პირადად მიმართა საგარეო და თავდაცვის სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტს.
"დღეს ჩვენ ვართ ყველაზე ცუდი ურთიერთობების ეტაპზე, რომელიც კი ამ ორ ქვეყანას შორის ოდესმე ყოფილა და ეს არის ძალიან სამწუხარო. თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ კონფერენციას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია და არა საქართველოს მთავრობა, რომლის არცერთი წარმომადგენელი დღეს არ არის ამ კონფერენციაზე, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს მე პირადად მივმართე წერილებით, მივმართე თხოვნით, რომ მობრძანებულიყვნენ და საკუთარი მოსაზრებები ეთქვათ, აქ მტრული გარემო არავისთვის არ არის, არცერთი მათგანი აქ არ იქნება და ეს არის ნიშანი იმისა, თუ რას გეგმავს, რას აპირებს და რას ფიქრობს, სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება", - თქვა ლევან ცუცქირიძე, "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი - მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" აღმასრულებელი დირექტორმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ომის წლისთავთან დაკავშირებით არც კიევში ჩადის. რადას მიწვევაზე ხელისუფლებამ უარი თქვა.