იძულებითი კომპრომისი - "ოცნება" "ფრონტერას" კონტრაქტს უგრძელებს

გამოქვეყნდა:

კატასტროფულად ცუდი შედეგები ამერიკული კომპანია "ფრონტერასთვის" მისი დირქტორისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის შეხვედრის შემდეგ დადგა. ზაზა მამულაიშვილი ოლიგარქს შუშის ბიზნესცენტრში ოთხჯერ შეხვდა. შეხვედრების ნაწილი, რომლის ინიციატორიც ფრონტერა იყო, ჯერ კიდევ ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს შედგა. შუამავალი და ორგანიზატორი ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი იყო. აუდიენცია, თანმხლები პირების თანდასწრებით მიმდინარეობდა. ბიძინა ივანიშვილი "ფრონტერას" წარმომადგენლებს პირდებოდა, რომ გაურკვევლობას, რომელიც ნავთობმომპოვებელი კომპანიის გარშემო იყო, მოაგვარებდა.

ივანიშვილთან ორი ფორმალური და ორი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნა. 2017 წელს სახელმწიფომ ამერიკულ კომპანიას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა. 152-გვერდიანი გადაწყვეტილება, რომელიც ჰააგის არბიტრაჟმა სამი წლის შემდეგ, 2020 წლის გაზაფხულზე გამოაცხადა, ორივე მხარის მიერ მკაცრადაა გასაიდუმლოებული. მმართველი გუნდი სამი თვის მანძილზე კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტით იმუქრებოდა, გუშინ კი, მოულოდნელად, რიტორიკა შეცვალა და ხელშეკრულების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ამერიკული კომპანია, რომელმაც საქართველოში 23 წლის განმავლობაში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ "ოცნება" ბოლოდროინდელი განცხადებებით იმ მილიონობით ლარის გადაფარვას ცდილობს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ენერგომომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ბიუჯეტიდან გახარჯა. ეს თანხა სულ მცირე 22 მილიონი ლარია. თუმცა ზაზა მამულაიშვილი გვეუბნება, რომ ბიუჯეტიდან გახარჯული თანხა ბევრად მეტია და 42 მილიონ ლარს შეადგენს.

უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლამ ეფექტური შედეგი გამოიღო - ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ,რომ ქართული ოცნების იძულებითი კომპრომისი  შეერთებული შტატების პოლიტიკური წრის გავლენიანი წარმომადგენლების მხრიდან ოცნების მისამართით გაჟღერებულ ღია ბრალდებებს უკავშირდება.ამერიკული ინვესტიციების დაბლოკვაში დადანაშაულებულ ვანიშვილს და ქართულ ოცნებას სხვა გზა არ ჰქონდა და უკან დაიხია.

"ქართული ოცნება" ჯიუტად ამტკიცებს, რომ "ფრონტერას" საკითხი სტრატეგიულ პარტნიორთან არ წარმოადგენს განხილვის საგანს, თუმცა აშკარაა, რომ სწორედ ამერიკელი პარტნიორების დაჟინებული მოწოდებების შემდეგ მმართველ გუნდს კომპრომისზე წასვლა მოუწია. ამერიკული კომპანია კი მთავრობისგან ითხოვს პირობას, რომ სამუშაოს უსაფრთხოდ დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე დაუბრუნდებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი