ხაბეიშვილმა სააგენტოს ქმედებები გამოიყენა საიმისოდ, რომ ჯვრის ტაძრის წინაშე თავისი „დამსახურება“ წარმოეჩინა - კულტურული მემკვიდრეობა

გამოქვეყნდა:

" გავაკეთეთ განცხადება, რომ მონასტერში ჩადის წყალი, ცვივა ქვები და იშლება...აღიარებენ პრობლემას და პრემიერს სთხოვენ დაჩქარებული წესით მოხდეს რეაბილიტაციის დაწყება", - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 

მისი თქმით, საკითხზე რეაგირება ენმ-ს გაცხადებიდან  რამდენიმე საათში მოხდა:

"გუშინ, 22 თებერვალს ვიყავით ჯვრის მონასტერში და გავაკეთეთ განცხადება, რომ მონასტერში ჩადის წყალი, ცვივა ქვები და იშლება მე-6 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა.

 ეს ყველაფერი მოხდა დილით, 11:00 საათზე ... აქედან რამდენიმე საათში, (22:40) ხელისუფლება იძულებული გახდა კონკრეტული მოქმედებები დაეწყო.

 პირველ რიგში, აღიარებენ პრობლემას და პრემიერს სთხოვენ დაჩქარებული წესით მოხდეს რეაბილიტაციის დაწყება და ამისთვის გამარტივებული შესყიდვა სჭირდებათ" - წერს ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ლევან ხაბეიშვილს პასუხობს და წერს, რომ მორიგი ცრუ ინფორმაციაა და უკვე რამდენიმე კვირაა, რაც დაიწყო შესაბამისი ქმედებების განხორციელება ჯვრის ტაძრის მდგომარეობის გამოსასწორებლად.

"ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის პასუხად

23 თებერვალს, პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მის მიერ 22 თებერვალს ჯვრის სამონასტრო კომპლექსიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ტაძარში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.

რეალურად, სააგენტომ რამდენიმე კვირაა, რაც დაიწყო შესაბამისი ქმედებების განხორციელება ჯვრის ტაძრის მდგომარეობის გამოსასწორებლად. სახელმწიფო შესყიდვა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, დროს მოითხოვს. სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები კი ხაბეიშვილმა გამოიყენა საიმისოდ, რომ ჯვრის ტაძრის წინაშე თავისი „დამსახურება“ წარმოეჩინა, თითქოს მისი ზეწოლის შედეგად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

აღსანიშნავია, რომ როგორც კი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ტაძარში წყლის შესაძლო ჩადინების შესახებ, მიმდინარე წლის 3 თებერვალს გაკეთდა ტაძრის დეტალური მონიტორინგი, იდენტიფიცირდა პრობლემები, გაკეთდა ტაძრის ე.წ. „3D სკანირება“. ამის შემდეგ, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, სააგენტომ დაუყოვნებლივ განსაზღვრა ტაძარში ჩასატარებელი პრევენციული სამუშაოები და როგორც კი ყველა საჭირო პროცედურა დასრულდა, სათანადო წესით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, გამარტივებული შესყიდვის გზით, ჯვრის ტაძარში გადაუდებელი სამუშაოების შესყიდვაზე ნებართვის მისაღებად.

ამდენად, ლევან ხაბეიშვილის მიერ 22 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას ხსენებულ პროცესთან საერთო არაფერი აქვს. მისი მხრიდან ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ვითომდა „ზრუნვის“ წარმოჩენის მცდელობაა და მეტი არაფერი" - წერია განცხადებაში

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი