
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ღარიბაშვილი მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მივიდა.
"1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება.
ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს.
დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ",- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც ადმინისტრაცია ავრცელებს.
საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.