საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ ოკუპაციას არც საბჭოთა ოკუპაციის დღეს ახსენებს.
ღარიბაშვილი იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა, თუმცა პრემიერმინისტრს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ის გვერდზე ღარიბაშვილის განცხადება გაავრცელა, რომელშიც 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად მოიხსენია, თუმცა რუსეთი ან საბჭოთა ოკუპაცია არც ამ ტექსტშია ნახსენები.
"1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება.
ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს.
დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ", - დაწერა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, იუნკერთა მემორიალთან ამ დრომდე არ მისულა საქართველოს პრეზიდენტი.
1921 წლის 25 თებერვალს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.
დამოუკიდებლობის დაკარგვას რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, პატიმრობა და გადასახლება მოჰყვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ 70 წელი გასტანა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.