
რუსეთმა, სავარაუდოდ, ამოწურა ირანული "კამიკაძე დრონების" მარაგი, ამიტომ მათი შევსების გზებს ეძებს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 15 თებერვლიდან უკრაინაში ირანული ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღი არ აჩვენებს კარგ შედეგებს სამიზნეების განადგურებაში, რუსეთი, ალბათ, მიიჩნევს, რომ ის სასარგებლო მატყუარაა, რომელსაც შეუძლია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ყურადღება გადაიტანოს უფრო ეფექტური რუსული საკრუიზო რაკეტებისგან“, - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე მინიმუმ 24 "შაჰედ-136" უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. კიდევ ათობით განადგურდა წლის პირველ დღეებში.