
კიევში ჩასული ოპოზიციის წევრები უკრაინელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებს აგრძელებენ - დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები რადას დეპუტატებსა და ფრაქცია "გოლოსის" წევრებს შეხვდნენ. მათ მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს.
უკრაინელმა კანონმდებლებმა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით დღეს საქართველოს სათქმელს საერთაშორისო ასპარეზზე ამბობს სწორედ ქართველი ერი და არა საქართველოს ხელისუფლება.
"ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან და ძალიან გვესიამოვნა, როდესაც საქართველოს დროშები დავინახეთ გუშინ, როდესაც გვქონდა მიღება ამ საშინელი ომის ერთი წლისთავთან დაკავშირებით. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა არ ჩამოვიდა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკუთარი დამოკიდებულება აჩვენა ამ ომის მიმართ, როდესაც ერთხელაც არ უწოდებია რუსეთისთვის ტერორისტი სახელმწიფო. მით უმეტეს, როდესაც ამბობენ, რომ ქართულ ოპოზიციას სურს თბილისი მარიუპოლად იქცეს და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ეს საერთოდ ყველანაირ ლოგიკას სცდება. ისინი ცდილობენ, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა საკუთარ მხარდაჭერად გაასაღონ, რაც ასევე სამწუხაროა. ის ფაქტი, რომ ზელენსკის პარლამენტისთვის მიმართვის საშუალება არ მისცეს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობენ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო, პოლიტიკური თვალსაზრისით, ის აღარ არის, რაც რამდენიმე წლის წინ იყო",- ამბობს სოლომია ბობროვსკა, ფრაქცია "გოლოსის" წევრი
რადას დეპუტატები ქართველ ხალხს მადლობას უხდიან მხარდაჭერისთვის, ამავდროულად ღიად ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა პრორუსია.
"ერთი წელი გავიდა ომის დაწყებიდან, როდესაც მსოფლიოს ეგონა, რომ ორ დღესაც ვერ გავძლებდით. ჩვენ კი ვდგავართ და მოვიგებთ კიდეც ამ ომს, რაც ჩვენი ერთადერთი მიზანია. მთელი ჩვენი რესურსები და ძალისხმევა გამარჯვებაზე მიდის და ვფიქრობ, ამას მოვახერხებთ, სანამ ომის მეორე წლისთავი დადგება. ქართველი ხალხისგან მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ. ჩვენ ვნახეთ გუშინდელი აქცია თბილისში, რომელიც 4 საათს გაგრძელდა და მადლობელი ვართ ქართველი ხალხის. რაც შეეხება მთავრობას, ისინი პრორუსები არიან და ვფიქრობ, უნდა ესმოდეს, რომ როდესაც რუსეთი დამარცხდება, მათ მძიმე დღეები დაუდგებათ. ქართველი ხალხისთვის მოუწევთ პასუხის გაცემა, რატომ არ უჭერდნენ მხარს უკრაინას მძიმე დროს",- თქვა იულია კლიმენკომ ფრაქცია "გოლოსის" წევრმა.
აღსანისნავია, რომ დღეს ენმ-ის წევრები უკრაინაში მებრძოლ ქართველებს შეხვდებიან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი