დღეს საქართველოს ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. 102 წლის წინ, საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. დაიწყო სასტიკი რეპრესიები, დახვრიტეს ათასობით ადამიანი, იყო მასობრივი დაპატიმრებები და გადასახლებები.
საქართველოს ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა და ეს ყველამ იცის, მაგრამ ოცნების ხელისუფლებისთვის ყველაფერი სხვანაირადაა. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში 1921 წლის რუსეთის ოკუპაციას - ტრაგიკულ მოვლენად მოიხსენიებს, რუსეთს კი არ ახსენებს.
ტრაგიკული მოვლენას რომ თავისი სახელი აქვს და მას რუსეთის ოკუპაცია ჰქვია - ეს დღეს ბიძინა ივანიშვილის გუნდს ყველამ შეახსენა. ის რისი თქმასაც ერიდება ოცნება, გასაგებად დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და გზავნილს ისიც დაამატა, რომ 2023 წლის 25 თებერვალი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან რევანშისტული რუსეთი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას აგრძელებს.