"ოცნება" ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს, რომ არ მოგვცენ სტატუსი, შეინარჩუნონ ძალაუფლება - მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონზე" განცხადება გააკეთეს პარლამენტში პარტია "საქართველოსთვის" წევრებმაც. ნათია მეზვრიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შეწყვიტოს აღნიშნულ კანონზე დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა.

"ოცნება ე.წ. აგენტების შესახებ კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება. კანდიდატის სტატუსის მიღების გადამწყვეტ ფაზაში, როცა სტატუსის მიღების კარგი შესაძლებლობა არსებობს, კანონის ირგვლივ დისკუსიის გახსნაც კი ხელისუფლების მხრიდან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი", - ამბობს მეზვრიშვილი. 

ცნობისთვის,  "რუსული კანონპროექტის" მეორე ვარიანტი, რომელსაც ასევე "ხალხის ძალა" წარადგენს,  ბიუროზე დღეს, 27 თებერვალს დარეგისტრირდება.

შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი