ჩვენ ვერსიასაც და ამერიკულსაც, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ვენეციის კომისიაში გავგზავნით - ხუნდაძე

გამოქვეყნდა:

"ხალხის ძალის" წევრი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ინიცირებული კანონპროექტების "ქართულ" და "ამერიკულ ვერსიებს" პარლამენტში, პირველი მოსმენით მიღებისთანავე, ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 

დეპუტატის განცხადებით, "ხალხის ძალა" მხარს პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს დაუჭერს, ხოლო "ქართულ ვარიანტში" შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება:

"უახლოეს დღეებში გაიმართება როგორც ქართული ისე ამერიკული კანონპროექტის როგორც საკომიტეტო და  პლენარული განხილვები, რის შემდეგაც, პირველი მოსმენით მხარს დავუჭერთ ორივე კანონპროექტს. პირველი მოსმენით მიღებამდე კანონპროექტის ქართულ ვარიანტში შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება, რომლითაც დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე, მაგალითისათვის, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. გამომდინარე იქიდან, რომ კანონი სამი მოსმენით, მიმდინარე სესიის ბოლომდე გვინდა მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას", - დიმიტრი ხუნდაძე. 

შეგახსენებთ, ე.წ. განდგომილებმა და "ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს. ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება EU-ს ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ. კანონპროექტი გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის ელჩმაც. კელი დეგნანმა მას რუსული კანონი უწოდა და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებასა და სიჩუმეს. გაეროს განცხადებით, კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი